GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა საქმიანობა დაიწყო 2008 წლის 1 მაისს. სკრინინგის პროგრამის სახელმწიფო დონეზე დანერგვა, პირველად საქართველოში, ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა დაიწყო. მისი განხორციელების იდეა... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად
ხშირად დასმული კითხვები
როგორ ჩავერთო სკრინინგის პროგრამაში?
პროგრამაში მონაწილეობა ხელმისაწვდომია თბილისში მცხოვრები ნებისმიერი ქალბატონისთვის: 40-დან 70 წლამდე – ძუძუს კიბოს სკრინინგი 25-დან 60 წლამდე – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი თუ ეკუთვნით რომელიმე ამ ასაკობრივ ჯგუფს, დარეკეთ ნომრებზე:2-20-35-35 და დარეგისტრირით. ამავე დროს შეიტყობთ ვიზიტის თარიღს და იმ კლინიკის მისამართს, სადაც სკრინინგ-ტესტს ჩაგიტარებენ.
არის თუ არა საშვილოსნოს ყელის სკრინინგი კიბოს პრევენციის საშუალება?
სკრინინგი საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს საშვილოსნოს ყელის ქსოვილში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებები. მათი ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის შედეგად კიბოს თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი!
რა ნაკლი აქვს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს?
ძალზე იშვიათად, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისას, პათოლოგიური ცვლილება შესაძლოა, არ დაფიქსირდეს, ვინაიდან: ზოგჯერ ავთვისებიანი უფრედები ნორმალურისგან ძნელი გასარჩევია; საკვლევი მასალა (ნაცხი) მეტად მცირე რაოდენობის პათოლოგიურ უჯრედს შეიცავს. იმ ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, სადაც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ფართოდაა დანერგილი, ყოველი 10 ანალიზიდან ერთი გადამოწმებას მოითხოვს, რადგან შესაძლოა: აღმოგაჩნდეთ ინფექცია, რომლის მკურნალობა აუცილებელია, რათა სრულფასოვანი დიაგნოზი დაგისვან; საკვლევი უჯრედები სისხლით ან ლორწოთი იყოს დაფარული; ნაცხში საკვლევი უჯრედი ძალიან ცოტა იყოს; საკვლევი მასალა არასათანადოს იყოს მომზადებული; საკვლევი მინა, რომელზეც ნაცხია მოთავსებული, გატყდეს.
როგორ მოვემზადოთ Pap ტესტისთვის?
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის მომზადებისას გახსოვდეთ: დაუშვებელია Pap ტესტის ჩატარება მენსტრუაციის დროს. სკრინინგისთვის საუკეთესოა ციკლის შუა პერიოდი; თუ სქესობრივი კონტაქტის დროს დაცვის ბარიერული საშუალება, სპერმიციდი ან ლუბრიკანტი გამოიყენეთ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში Pap ტესტის ჩატარება რეკომენდებული არ არის - კონტრაცეპტივებში შემავალი ქიმიური ნოვთიერებები ტესტის შედეგზე გავლენას ახდენს.
როდის არის საჭირო საშვილოსნოს ყელის განმეორებითი კვლევა?
სტატისტიკის თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც ფართოდ არის დანერგილი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა, Pap ტესტის საშუალებით გამოკვლეულთა 93,5%-ს არავითარი საეჭვო ცვლილება არ უვლინდება. განმეორებითი გამოკვლევა (ანალიზის გადამოწმება) ექიმმა ქალს მაშინ შეიძლება ურჩიოს, როდესაც ნაცხი არადამაკმაყოფილებელ ინფორმაციას იძლევა, მაგალითად, საკვლევი უჯრედები სისხლით ან ლორწოთია დაფარული, ნაცხი არასათანადოდაა აღებული და ა.შ. თუ Pap ტესტის შედეგად განსაზღვრული ცვლილებები (სახეცვლილი უჯრედები) გამოვლინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უთუოდ კიბო გაქვთ - ზოგ შემთხვევაში ასეთი ცვლილება საგანგაშო არ არის, თუმცა დიაგნოზის დასაზუსტებლად გინეკოლოგმა შესაძლოა კოლპოსკოპიური კვლევის ჩატარება გირჩიოთ.
როდის უნდა ველოდო Pap ტესტის პასუხს?
Pap ტესტის შედეგს 10 სამუშაო დღის შემდეგ, სკრინინგის ჩატარების ადგილის მიხედვით შეიტყობთ.
რა პრინციპით ტარდება Pap ტესტი?
ტექნიკურად Pap ტესტი შემდეგნაირად ხორციელდება: საშვილოსნოს ყელის ე.წ. T (ტრანსფორმაციის, ანუ გარდაქმნის) ზონიდან გინეკოლოგი შპადელით ანუ ფუნჯით იღებს ნაცხს, რომელიც სათანადო წესების დაცვით თავსდება სასაგნე მინაზე და იგზავნება ლაბორატორიაში მიკროსკოპული გამოკვლევისთვის. პროცედურამ, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება, შესაძლოა მცირედი სიკომფორტი გამოიწვიოს, რომელიც ნაცხის აღების დასრულებისთანავე უკვალოდ ქრება. თუ შპადელის შეხებისას ტკივილი იგრძენით, უთუოდ აცნობეთ გინეკოლოგს.
რატომ არის აუცილებელი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი?
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს ყოველგვარი კიბოსწინარე დაავადება და ინფექცია. ტესტის საშუალებით ვლინდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზით - ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული ცვლილებები. ამდენად, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ავთვისებიანი სიმსივნისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა!
რა პრონციპით ხორციელდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი?
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის უმთავრესი მეთოდია Pap ტესტი, რომელიც საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს.
არის თუ არა სკრინინგი ძუძუს კიბოს პრევენციის საშუალება?
სკრინინგი საშუალებას იძლევა, დროულად იქნეს აღმოჩენილი უკვე არსებული ავთვისებიანი სიმსივნე, მაგრამ სამომავლოდ კიბოსგან დაცვას არ უზრუნველყოფს. ძუძუს კიბო, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნე, შესაძლოა გაჩნდეს გეგმურ მამოგრაფიულ გასინჯვებს შორის.
რა ნაკლი აქვს ძუძუს კიბოს სკრინინგს?
ისევე, როგორც ყველა სხვა სახის გამოკვლევას, მამოგრაფიასაც აქვს რამდენიმე ნაკლი. კერძოდ: ავთვისებიან სიმსივნეთა ზოგიერთი სახეობა ცუდად ჩანს ან სრულებით არ ჩანს რენტგენის ფირზე.
რას ნიშნავს პასუხი, რომ მკურნალობა გჭირდებათ?
თუ ექიმმა დაგარწმუნათ, რომ მკურნალობა გჭირდებათ, ნუ შეშფოთდებით. ძუძუს დაავადებათა უმრავლესობას კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა ყოველ მათგანს სჭირდება დროული და სწორი მკურნალობა, რისთვისაც ქალმა სკრინინგის პროგრამაში მომუშავე ექიმის რჩევით უნდა მიმართოს სპეციალიზებულ მამოლოგიურ დაწესებულებას, ვინაიდან დაავადების მკურნალობა სცდება სკრინინგის პროგრამის ფარგლებს. პირველ სტადიაზე გამოვლენილი დაავადების მკურნალობა ძუძუს კიბოს შემთხვევაშიც კი მეტად შედეგიანია და 100-დან 98 შემთხვევაში სრული განკურნებით სრულდება
როგორ მოვემზადოთ მამოგრაფიისთვის?
ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის განსაკუთრებული მომზადება საჭირო არ არის, მხოლოდ გამოკვლევის დღეს შხაპის შემდეგ არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები: კრემი, მისაყრელი პუდრი და დეოდორანტი. დაიმახსოვრეთ: ძუძუს გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებულია მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-7-12 დღეს.
როდის არის საჭირო ძუძუს განმეორებითი კვლევა?
სტატისტიკის თანახმად, ქვეყნებში, სადაც ფართოდ არის დანერგილი ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა, მამოგრაფიული კვლევის შემდეგ გამოკვლეულთა 95%-ს არავითარი საეჭვო ცვლილება არ უვლინდება. შესაძლოა, ექიმმა ქალს განმეორებითი გამოკვლევის ჩატარება ურჩიოს, თუ: . მამოგრაფიამ გამოავლინა ცვლილება, რომელიც დამატებით შესწავლას საჭიროებს . ტექნიკური წუნის გამო ფირზე კვლევის შედეგის წაკითხვა შეუძლებელია. თუ მამოგრაფიული კვლევის შედეგად საეჭვო ცვლილებები გამოვლინდა ექიმი დამატებითი კვლევის (ექოსკოპიური კვლევის, ბიოფსიის) ჩატარებას გირჩევთ . თუ სკრინინგმა საეჭვო ცვლილება არ აჩვენა, განმეორებით გამოკვლევა მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ მოგიწევთ.
როდის უნდა ველოდოთ ძუძუს გამოკვლევების პასუხს?
მამოგრაფიის დასრულების შემდეგ მამოგრამას (ფირს, რომელზეც სარძევე ჯირკვლის ქსოვილია გამოსახული) ორი ექიმი რადიოლოგი კითხულობს. კვლევის შედეგის მიღებას ქალი 10 სამუშაო დღის შემდეგ შეძლებს.
რატომ არის აუცილებელი ძუძუს კიბოს სკრინინგი?
მამოგრაფია ტარდება შიშველ მკერდზე, რომელიც კვლევის დროს რამდენიმე წამით მოექცევა სპეციალური აპარატურის ქვეშ. პროცედურა მტკივნეული არ არის. მას თან სდევს უმნიშვნელო დისკომფორტი (ამ შეგრძნებას ქალები ხშირად არტერიული წნევის გაზომვას ადარებენ), რომელიც პროცედურის დროს ჯირკვალზე მცირედი ზეწოლით არის განპირობებული და მამოგრაფიული კვლევის დასრულებისთანავე გაივლის.
რა პრინციპით ხორციელდება ძუძუს კიბოს სკრინინგი?
ძუძუს კიბოს სკრინინგი მამოგრაფიული კვლევის საშუალებით წარმოებს. სარძევე ჯირკვლის მამოგრაფია გულისხმობს რენტგენოლოგიურ კვლევას, რომლის დროსაც ძუძუს ქსოვილის დასხივება ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო, მინიმალური დოზით ხდება. ძუძუს კიბოს სკრინინგი მეტად ხანმოკლე პროცედურაა.