GNSC - National Screening Center
  • Home
  • Contact
  • Sitemap
  • Facebook
       
ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით.  თავდაპირველად, სკრინინგის პროგრამა... ვრცლად
ჩვენთვის ქველმოქმედება გადარჩენილ სიცოხლეს მიშნავს, თქვენთვის კი მადლიერების ასეთ სიტყვებს: "თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ" – ეს ჩანაწერი სკრინინგის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვენ, ქველმოქმედებს... ვრცლად

ჩვენს შესახებ

ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაფუძნებულია თბილისის მერიის მიერ 2008 წელს. ცენტრის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკის გზით. 

თავდაპირველად, სკრინინგის პროგრამა ხორციელდებოდა მხოლოდ თბილისში. შემდგომ, სკრინინგის სერვისი ხელმისაწვდომი გახდა მთელი საქართველოსთვის. ხარისხიანი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად, სკრინინგის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, უცხოელი კოლეგების დახმარებით მოხდა. ასევე, გაფორმდა ხელშეკრულება სხვადასხვა სამედიცინო ცენტრთან პროგრამული გამოკვლევების გეოგრაფიის გასაზრდელად. შესაბამისად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს სკრინინგის სერვისის მიღება შეუძლია თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში.

დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის საქმიანობა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ მოექცა.  2009 წლის 21 იანვარს, ევროპელი პარლამენტარების სამიტზე, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ქართული პროგრამა სამაგალითოდ აღიარეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის და დააჯილდოვეს სპეციალური პრიზით - "სიბრძნის მარგალიტი". 2008 წლის 26 დეკემბერს, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს მიენიჭა "ქართული ხარისხის ნიშანი" და მისი მენეჯმენტის ხარისხი და მომსახურება შეფასდა როგორც საუკეთესო.

სადღეისოდ, ეროვნული სკრინინგ ცენტრი სკრინინგის პროგრამას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც მოიცავს უფასო გამოკვლევებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს პრევენციისათვის. სკრინინგის პროგრამა უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით:

  • 40-დან 70 წლის ჩათვლით – ძუძუს კიბოს სკრინინგი
  • 25-დან 60 წლის ჩათვლით – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
  • 50-დან 70 წლის ჩათვლით - მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი
  • 50-დან 70 წლის ჩათვლით - პროსტატის კიბოს სკრინინგი
  • სკოლიოზის გამოკვლევა - 10–დან 18 წლის ჩათვლით, თბილისში რეგისტრირებულ პირთათვის
  • ბრტყელტერფიანობის სკრინინგი - 4–დან 15 წლის ჩათვლით, თბილისში რეგისტრირებულ პირთათვის

სკრინინგის პროგრამა ხორციელდება თბილისის მერიისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით. სკრინინგის პროგრამა ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით.

საქართველოში, სკრინინგის პროგრამის ამოქმედების შედეგად, ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის  მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. ეს არ ნიშნავს, რომ კიბოს შემთხვევებმა იმატა. უბრალოდ, გამოკვლევები ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათ შეძლეს  სკრინინგ ცენტრებისთის მიემართათ, ადრე გამოევლინათ პათოლოგია და ემკურნალათ. ეს ნიშნავს, მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა, საუკეთესო პრევენციაა ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში.

სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველმა უნდა დარეკოს ნომერზე (032) 2-20-35-35, რომელზეც მიიღებს ინფორმაციას იმ კლინიკების შესახებ, სადაც კიბოს სკრინინგის პროგრამა მოქმედებს.